Грузинский перевод С. Чиковани
Источник: Слово о полку Игореве. Тбилиси, 1940.
- 1. ეგებ უფრორე არს მართებული,
გმირულ ამბავთა ადრინდელ წყობით
ვიწყოთ, მოყმენო, საგალობელი
მთავარ იგორის ლაშქრად გასვლისა,
იგორის, ძისა სვიატოსლავისა? - 2. არა, იწყების სიმღერა ესე
ჩვენი დროების ნამდვილ ამბითა
და ბოიანის გეზის გარეშე; - 3. რის ბოიანსა გულთამხილავსა
ჰსურდა ვინმესთვის ქება შეეთხზა,
შთაგონებული ის მიილტვოდა
ხის კენწეროზე, სინჯაფის გვარად,
მიწასა ზედა რუხი მგელივით,
ღმრუბელთა ქვეშე ვეჟან ორბივით, - 4. აცსოვდა მისანს და გვიამბობდა
ადრინდელ დროთა ურდუმის ამბავს.
მაშინ აფრენდა ათ შევარდენსა
გედების გუნდზე და შევარდნისგან
პირველი გედი წამოფრენილი
უმალ მღეროდა ქებას უხუცეს
იაროსლავის და გულად მსტისლავის,
ვინაც აჩეხა თვით რედედია,
ქაშაგთა ლაშქრის წინაშე მდგომი,
და უგალობდა უმშვენიერეს
რომანსა, ძესა სვიატოსლავისას. - 5. მართლა, მოყმენო, ბოიანი ხომ
ათ შავარდენით არ მინდორობდა
გედების გუნდზე, მაგრამ მისანი
ჯადოქარ თითებს დაალაგებდა
ცოცხალ სიმებზე და თვით სიმები
აღუღუნებდნენ მთავრების ხოტბას. - 6. მოვყვეთ, მოყმენო, ამბავი ესე,
ძველ ვლადიმერის დროიდან მდინარი
ამჟამად მცხოვრებ იგორამდისინ,
ვინაც შემართა გონების ციხე
და ვაჟკაცობით გული მომახა; - 7. აღივსო იგი საომარ სულით
და გააქანა სპანნი მამაცნი
ყივჩაღთა მიწის დასათრგუნველად,
რუსული მიწის განსადიდებლად. - 8. როცა იგორმა ზევით განხედა
თაკარა მზესა, მან დაინახა:
მზით გადმოსული წყვდიადით იყო
ჩამობურული მისი ლაშქარი. - 9. და უთხრა ლაშქარს მაშინ იგორმა:
- 10. “ძმანო და სპანო, უმჯობესია
აგვჩეხონ, ვიდრე შეპყრობილ ვიქნეთ; - 11. მოვახტეთ, ძმანო, ჩაუქ მერნებსა
და გადავხედოთ დონის სილურჯეს”. - 12. დაიმონავა მთავრის გონება
დიადი დონის ჭაშნიკის ჟინმა
და ამ წყურვილმა გადაავიწყა
მზით მოვლენილი ავი ნიშანი. - 13. წარმოსთქვა: მინდა გადავტეხოო
შუბი ყივჩაღთა მინდორის ბოლოს,
თქვენთან, რუსებო, თავი გავწირო,
ან მუზარადით დავლიო დონი. - 14. ჰო, ბოიანო, გარდასულ დროთა
ბულბულო, რომე ამ ლაშქრობისთვის
სიმნი გეჟღერა და გეგალობა
შენ, შთაგონების ხეზე გოგმანავ,
ღრუბელთა ქვეშე ფიქრით გექროლა,
ნათქვამ ხოტბაში შენ ჩაგექსოვა
განვლილ დროის და აწმყო სახელი
და ტროიანის კვალს გაჰყოლოდი
მინდორზე სრბოლით მთის სიმაღლემდე, - - 15. უნდა გემღერა ქება ამგვარად
ოლეგის ბადიშ იგორისადმი: - 16. “ვრცელ მინდორიდან შავარდნის გუნდებს
აქ მოაქროლებს ქარიშხლის ძალა,
მხოლოდ ჭილყვავთა გუნდნი მორბიან
დიად დონისკენ გარდმორეკილნი”. - 17. ან უნდა გეთქვა ქება, მისანო,
შენ, ბოიანო, ველესის მოთავ: - 18. “სულას გაღმაა ცხენთა ჭიხვინი,
კიევში ისმის დიდების ჟღერა”
ბუკთა ყიჟინი დგას ნოვგოროდში
და პუტივლს ჩანან დროებში შლილი.
იგორი ელის უსაყვარლესსა,
უსიამესსა ძმას ვსევოლოდსა. - 19. და ვსევოლოდი – უტეხი ხარი -
ეტყოდა იგორს: - 20. “ერთა ძმა მყავხარ,
ერთი ელვარე ნათელი მყავხარ
შენ, ძმაო იგორ, და ჩვენ ორივე
ვართ მემკვიდრენი სვიატოსლავისა. - 21. დარახტე, ძმაო, შენი ჩაუქი
ბედაურები, - 22. ჩემნი მზად დგანან
კურსკის წინაშე დარახტულები. - 23. გაგეგონება, ჩემი კურსკელნი
რომ მომახული რაინდებია.
ბუკთა ყიჟინში გამორანდულან,
ჩაჩქანთ ჟღარუნში ნებივრებულან,
შუბის წვერითა გამოკვებილან, - 24. ჩემი მხედრები იცნობენ გზებსა
და ორწოხებშიც უნავარდნიათ.
მათი შვილდები მოჭიმულია
და კაპარჭებიც აქვთ გადახსნილი
ხმლებს ელვასავით აკისკასებენ, - 25. თვითონ მიჰქრიან გაშლილ მინდორზე,
თითქო არიან ყომრალი მგლები,
რომ აღიმაღლონ თავად ღირსება
და მოუხვეჭონ მთავარს სახელი”. - 26. მაშინვე შედგა მთავარი იგორ
ოქროს უზანგზე და გაეშურა
ტრიალ მინდორზე. - 27. მზემან წყვდიადით
სამოგზაურო გზა დაუბნელა; - 28. ღამემ ფრინველნი ქარიშხლის გმინვით
გამოაღვიძა
და ღამის სტვენამ
ირგვლივ მხეცების ჯოგი შეჰყარა. - 29. ხის სიმაღლიდან დევი გაჰკივის;
ბრძანებს უსმინონ: ვერანმა მიწამ,
ვოლგის, ზღვისა და სულას ნაპირმა,
ქალაქ სუროჟმა, ქალაქ ქორსუნმა
და შენაც, კერპო თმუთარაყანის! - 30. ხოლო ყივჩაღნი უსიერ გზებით
უკვე მორბიან დიად დონისკენ,
მათი ფორნებიც ღამით ყივიან,
როგორც დამფრთხალი გედების გუნდი.
იგორს დონისკენ ლაშქარი მიჰყავს - 31. და ფათერაკი, მისი მხლებელი,
ფრინველებს მწყემსობს მუხებსა ზედან.
მგლები ორწოხებს ჭექა-ქუხილის
მოსვლას ამცნობენ და არწივები
მხეცებს იწვევენ ძვლებზე ყივილით,
მელაც შეჰკივის მეწამულ ფარებს. - 32. ჰოი, შენ, რუსთა მიწავ, მამულო,
მთების გადაღმა ხარ დარჩენილი! - 33. დიდხანს გასტანა ღამის წყვდიადმა,
- 34. რიჟრაჟის შუქიც გადაკარგულა,
მრუმემ დაფარა დიდი მინდორნი, - 35. ბულბულის სტვენაც მირულებულა,
ჭილყვავთა განგაშს გამოეღვიძა, - 36. ვრცელი მინდორი წითელ ფარებით
წინ გადაღობა რუსთა ლაშქარმა,
რომ დაიმკვიდროს ომში გმირობა
და მოუხვეჭოს მთავარს სახელი. - 37. დილაადრიან. პარასკევ დღესა
მათ გადათელეს ბილწი ლაშქარი
და, ისრებივით გაფანტულებმა
ტრიალ მინდორზე, თან გააქროლეს
ქალნი ლამაზნი ყივჩაღებისა;
ქალებთან ერთად გამოიტაცეს
ოქრო, ოქსინო და სხვა ქსოვილნი, - 38. ტანსაბურავი, ჯუბა და ქურქი
და ყივჩაღური ნაშყიანები
გადააფრინეს ხიდეთა გვარად
ჭაობებსა და ჭანჭრობ ადგილებს. - 39. ყირმიზი დროშა, თეთრი ბავრაყი,
ვერცხლის ჭოკი და ყირმიზი თუღი
ერგო გულად ძეს სვიატოსლავისას. - 40. რულავს მინდორში მამაცი ბუდე,
ოლეგის მოდგმა. ძალზე შესტოპეს! - 41. არა შობილან ისინი ქვეყნად
დასამცირებლად, არც შავარდნისთვის.
არც სონღულისთვის და არცა შენთვის,
ყივჩაღთა ბილწო, შავო ყორანო. - 42. გზაყი გამორბის ლეგა მგელივით,
ყონჩაღიც გზაყსა წამოჰყოლია
და გზას უკაფავს დიად დონისკენ. - 43. მეორე დღესვე, სისხამი დილით,
მეწამულ ფერის ცის დაფიონი
ლაშქარს აუწყებს რიჟრაჟის მოსვლას. - 44. შავი ღრუბლები მოდიან ზღვიდან,
უნდათ დაფარონ ოთხი მზის შუქი,
ღრუბლებში თრთიან ლურჯი ელვები, - 45. ალბათ, იქნება დიდი ქუხილი,
წამოვა წვიმა ისრების გვარად,
დიად დონიდან გადმოტყორცნილი. - 46. აქვე შუბები გადატყდებიან,
კისკასა ხმლებიც დაეჭდებიან
ყივჩაღთა ლაშქრის მუზარადებზე
კაიალაზე, დიად დონთანა. - 47. ჰოი, შენ, რუსთა მიწავ, მამულო,
მთების გადაღმა ხარ დარჩენილი! - 48. აი ქარებიც, სტრიბორგის მოდგმა,
ზღვიდან მსრბოლავი ისრების გვარად,
იგორის გულად ლაშქარს ატყდება. - 49. მიწა გუგუნებს, დიან მღვრიენი
მდინარენი და მტვერმა დაფარა
ვრცელი მინდორი, - 50. თითქო ღმუიან
დროშები ქარში: უკვე ყივჩაღნი
მოდიან ზღვიდან, დიად დონიდან, - 51. ყოველის მხრიდან გარს შემოერტყნენ
რუსების ლაშქარს. - 52. ქაჯების მოდგმა
საზარ ყიჟინით გადმოიგრაგნა
გაშლილ მინდორზე, ხოლო რუსები,
შეუდრეკელნი, წითელ ფარებით
გადაეღობნენ ყივჩაღთა ლაშქარს. - 53. შენ, ვსევოლოდო, ფიცხელო ხარო.
სდგეხარ ბრძოლაში და სეტყვასავით
ისრებსა სტყორცნი მტრის მოლაშქრეებს,
ჯავარდენ მახვილს შენ ამჭექარებ
ყივჩაღთა ლაშქრის მუზარადებზე. - 54. სადაც იელვებ ოქროს ჩაფხუტით,
ხარო მქროლავო, იქ ჰყრია, ჰყრია
ბილწი თავები ყივჩაღებისა. - 55. დაგიჩეხია შენ ჩაფხუტები
ავარიული, ხარო ველურო,
ავარვარებულ ხმალის კისკასით. - 56. რაა, მოყმენო, მისთვის ჭრილობა,
ვინც დაივიწყა უკვე სიცოცხლე,
თავის ღირსება და ჩერნიგოვი,
მამისეული ტახტი ოქროსი,
ან სასურველი თავის მეუღლე
ულამაზესი – გლების ასული,
მისი ტრფობა და მისი ალერსი! - 57. იყო დროება ტროიანისა,
წარვიდნენ წლებიც იაროსლავისა.
იყო ლაშქრობაც წინათ ოლეგის,
ოლეგის, ძისა სვიატოსლავისა. - 58. ოლეგი იგი მკვეთრი მახვილით
შფოთსა და ამბოხს ჩვენში ნერგავდა
და ისრებს თესდა რუსულ მიწაზე. - 59. ოქროს უზანგზე ჟღერით დგებოდა
ოლეგი ქალაქ თმუთარაყანში. - 60. და მაშინდელი მისი ჟღერანი
ესმოდა დიად იაროსლავისა - 61. ძესა ვსევოლოდს, ხოლო ვლადიმერ,
ჩერნიგოვს მყოფი, ყოველ დილაზე
ყურებს იხშობდა გაჯავრებული. - 62. შემდეგ ბორისი, ძე ვიაჩესლავის,
საომარ ხოტბით წაქეზებული,
თვით წარემართა ღვთის სამსჯავროში.
მებრძოლს ოლეგის ღირსებისათვის,
შეუდრეკელსა ახოვან მთავარს
კაიალასთან მწვანე ველობი
ქვეშ გაუფინეს, როგორც სუდარა. - 63. ამ კაიალით თვით სვიატოპოლკმაც
თავისი მამა ხომ წაასვენა
უგორიელთა იორღებს ზედან
კიევის წმინდა სოფიოს ტაძარს! - 64. მაშინ ოლეგი გორესლავისა
ამბოხსა თესდა და იზრდებოდა
შფოთი, ვარამი, ნადგურდებოდა
დაჟბოგის მოდგმის დოვლათი ქვეყნად;
მთავართა შფოთში ხალხის სიცოცხლე
მოკლდებოდა და იკვეცებოდა; - 65. მაშინ პოხიერ რუსულ მიწაზე
გუთნისდედები ერთიმეორეს
იშვიათად თუ გადასძახოდნენ,
მხოლოდ ყორნები ხშირად ჩხაოდნენ
და ერთმანეთში იყოფდნენ ლეშებს,
ჭილყვავნიც თავის ბაასს იწყებდნენ,
რადგან უნდოდათ კერძთან მიფრენა. - 66. ასე ხდებოდა მაშინდელ ომში
და ლაშქრობაში, მაგრამ ამგვარი
ლაშქრობა ქვეყნად არ გაგონილა.
გარიჟრაჟიდან საღამომდისინ
და საღამოდან ალიონამდის
ქროდნენ ისრები მოვარვარენი,
ჩახაჩუხობდნენ ჩაფხუტებს ზედან
ხმლები კისკასა და ჯავარდნულსა
შუბებს გაჰქონდათ ირგვლივ ჩხრიალი - 67. ყივჩაღთა მიწის უდაბურ ველზე.
ბედაურების ტორებით ხნული
იყო ყამირი ძვლით მოთესილი,
იყო ყამირი სისხლით მორწული
და ყოველივე ვარამის გვარად
აისდებოდა რუსულ მიწაზე. - 68. რა ჩამშრიალებს, რა ჩამღარუნებს
- 69. მე შორეულად ასე ადრიან,
ალიონის წინ? ეს იგორია,
ლტოლვილ მეომრებს იგი აბრუნებს,
მას ებრალება უსაყვარლესი
და უამესი ძმა ვსევოლოდი. - 70. ერთ დღეს იომეს, მეორე დღესაც
და მესამე დღეს, ჟამს შუადღისას,
დაბლა დაეშვა დროშა იგორის. - 71. ჩქარ კაიალის მდინარის პირად
ძმები განშორდნენ ერთიმეორეს. - 72. სისხლიან ღვინომ აღარ იკმარა
- 73. და დაასრულეს გულად რუსებმა
ლხინი დიადი, თვისი მზახლებიც
დაათვრეს, მოკვდნენ რუსულ მიწისთვის. - 74. ბალახი ჭკნება სახოდაობით,
ხეც კაეშანით მიწას დაემხო. - 75. აი, მოყმენო, უკვე დუხჭირი
დროება დადგა და ძლიერება
გავერანდა და გაუდაბურდა. - 76. დაჟბოგის მოდგმის ძლიერ ლაშქარში
ჩადგა სიავე, როგორც ქალწული
ესტუმრა მიწას ტროიანულსა,
ამოჩქაფუნდა გედის ფრთებითა
ცისფერ ზღვაზედა დონის მახლობლად
და მოფართქალე ფრთით გადარეკა
სიამის დრონი. - 77. შეწყდა მთავართა
ბრძოლა მურდალთა დასათრგუნველად,
რადგან ძმა ძმასა ესიტყვებოდა:
“ეს ჩემი არის და ესეც ჩემი”,
მცირე შემთხვევას თვითონ მთავარნი
აზვიადებდნენ და დაამკვიდრეს
შფოთი, ამბოხი ურთიერთ შორის. - 78. ხოლო ბილწები, აღრევის გამო
ძლევამოსილნი, მოიგრაგნოდნენ
ყოველის მხრიდან რუსულ მიწაზე. - 79. ჰო, შორს შესტოპე შენ, შავარდენო,
ფრინველთა რბევით ზღვისკენ მქროლავო! - 80. აწ არასოდეს უმამაცესი
სპა იგორისა აღარ აღსდგების! - 81. მათ მიჰკიოდა უკან კარინა,
ჟელიაც გარბის რუსულ მიწაზე, - 82. აფრქვევს ფერფლსა და სიკვდილის ცეცხლსა,
ანთებულ ყანწში შემონახულსა.
რუსთა ცოლებიც მოთქმით ტიროდნენ: - 83. ჩვენს ტურფა ქმრებზე აწ ვერ შევიძლებთ
საზრით ვისაზროთ, ფიქრით ვიფიქროთ,
აწ მათ თვალითაც ვეღარ ვიხილავთ,
ოქროს და ვერცხლსაც ვეღარ გავცვეთთო! - 84. მოყმენო, კვნესის კიევი დარდით
და ჩერნიგოვი – მომდგარ ვაებით. - 85. გადმოიღვარა ვარამი ჩვენში
და ღრმა ნაღველი წარმომდინარდა
რუსული მიწის გაშლილ არეზე. - 86. მთავრები კიდევ თვით ამკვიდრებდნენ
ამბოხებას და შინაურ შფოთსა, - 87. ხოლო ბილწები, გამარჯვებულნი,
მოიგრაგნოდნენ რუსულ მიწაზე
და ღებულობდნენ ყოველ კომლიდან
ხარკად მიზღულსა თითო სინჯაფსა. - 88. ამ ორმან ძემან სვიატოსლავისამ -
გულად იგორმა და ვსევოლოდმა,
კვლავ აღადგინეს უკუღმართობა,
რომელიც მოსპო იმათმა მახვშმა,
თვით სვიატოსლავმა დიდმა, მრისხანემ. - 89. მძლე კიეველმა ჭექა-ქუხილით
მოჰგვარა ძრწოლა მტრის მეომრებსა:
მახვილითა და ძლიერი ლაშქრით
იგი დაატყდა ყივჩაღთა მიწას,
ბორცვნი და ხევნი გადაუთელა,
წყალნი და ტბანი მათ აუმღვრია,
დაუშრო წყალი ფართო ტბორებში
და მდინარენი ამოუწრიტა.
შემდეგ მურდალი მძლე ყობიაყი
ყივჩაღთა რკინის დიად ლაშქარსა
ზღვის წიაღიდან მან გამოსტაცა
როგორც გრიგალმა, დაეცა დაბლა
მძე ყობიაყი ქალაქ კიევში,
საქეშიკოში სვიატოსლავისა. - 90. იქვე არიან ვენეტიკელნი
და გერმანელნი. იქვე არიან
მორაველებიც და ბერძნებიცა,
ქებას ასხამენ და უმღერიან
დიად სახელსა სვიატოსლავისას,
ხოლო ჰკიცხავენ მთავარს იგორსა,
რადგან დოვლათი ჩასძირა ფსკერზე
ყივჩაღთა წყალში, კაილაში,
და რუსთა ოქროც შიგან ჩაჰყარა. - 91. კაიალასთან მთავარი იგორ
ოქროთ მოჭედილ უნაგრიდანა
გადაჯდა მონის უნაგირზედა. - 92. ურვა მოედვა ქალაქთა კედლებს
და ყველგან ჩაკვდა მხიარულება. - 93. სვიატოსლავმა – კი ნახა სიზმარი,
- 94. კიევის მთაზე შფოთის მომგვრელი.
ამბობდა იგი: მწუხრიდან წუხელ
და მახვევდნენო შავ სუდარაში,
გადამაწვინეს ურთხელის სკამზე, - 95. ნაღველში ნარევს ცისფერ ღვინოსა
სცლიდნენ - 96. და ბილწი ურჯულოების
გამოფიტული კაპარჭებიდან
მკერდზე მაყრიდნენ ჭიოტ მარგალიტს - 97. და მე ალერსით მაამებდნენო.
ჩემს შანიშინში ოქროს გუმბათზე
ფიცრებს კადონი გამოსცლოდაო. - 98. ლეგა ყორნები პლესნევსკთან ველზე
მწუხრიდან მთელი ღამე ჩხაოდნენ
და კისანიის უღრანში მყოფნი
შორეთს მიფრენდნენ ცისფერ ზღვისკენო. - 99. და უთხრეს მთავარს ბოიარებმა:
- 100. “შეპყრობილია გული ვარამით,
- 101. აი, მთავარო, მამისეული
ოქროს ტახტიდან გადმოფრენილა
უეცრად ორი შევარდენი, რომ
სწვეოდნენ ქალაქ თმუთარაყანსა,
ან მუზარადით შეესვათ დონი.
შევარდნებს უკვე ფრთები შეაჭრეს
ბილწი ხმლებით და თვითონ ისინი
რკინით დაჭედილ ხუნდით დაბორკეს. - 102. დადგა სიბნელე მესამე დღესა.
ჩაქრა ორი მზე, ორი ნათელი
სვეტი ჩაქრა და ორი ყრმა მთვარე -
ყრმა ოლეგი და ყრმა სვიატოსლავი -
მრუმემ ჩაყლაპა, ზღვამან ჩაძირა
და უდიდესი თავხედი ქცევა
შესძინა ბილწებს მათმა დაღუპვამ. - 103. შემდეგ მდინარე კაიალაზე
დიდ ყიამეთმა სინათლე ჩანთქა. - 104. რუსულ მიწაზე დათარეშობენ
ყივჩაღები და ახლა ქვეყანა
თითქო აფთრების საბუდარია. - 105. უკვე სირცხვილმა დასცა სახელი,
- 106. ლაღობა მოსპო ვერაგობამ
- 107. და
ჩამოიმეხნენ დევები ქვეყნად. - 108. აი გუთების ტურფა ქალები
ლურჯი ზღვის პირზე ამღერებულან
და რუსულ ოქროს აჟღარუნებენ.
ქებას ასხამენ ბუსოს დროებას
და შურისგებას შარაღანისას. - 109. ხოლო ჩვენ, შენი მოლაშქრეები,
განვრიდებივართ მხიარულებას”. - 110. მაშინ დიადმა მხნე სვიატოსლავმა
გადმოაფრქვია ოქროს სიტყვები,
ცრემლში ნარევი, და იღაღადა: - 111. “ოხ, ჩემო ძენო, იგორ, ვსევოლოდ,
თქვენ ნაადრევად წამოგიწყიათ
ყივჩაღთა მიწის მახვილით რბევა
ქვეყნად სახელის მოსახვეჭავად.
თქვენ უნაქებოდ დასძლიეთ მტერი
და ააჩქეფეთ ბილწების სისხლი. - 112. თუმცა მედგარი თქვენი გულები
ჯავარდენივით გამომახულა
და გარანდულა ვაჟკაცობაში, - 113. მაგრამ შევერცხლილ ჩემსა ჭაღარას
რა დაატეხეთ? - 114. არ დაელოდეთ
მდიდარს, ღონიერს, დიდლაშქროვანსა
თქვენ ჩემსა ძმასა, მძლე იაროსლავსა,
ჩერნიგოველი მეომრებითა,
მოგუტებითა, ტოპჩაკებითა,
შელბირებითა, თათრანებითა,
რეგუტებით და ოლბირებითა
გარს შემორტყმულსა და უძლეველსა:
ისინი ფართა დაუხმარებლად,
საქმის დანებით და ყიჟინითა
ანადგურებდნენ მრავალ ლაშქარსა
და აჟღერებენ წინაპართ სახელს. - 115. მაგრამ თქვენ გითქვამთ: ჩვენ მარტო უნდა
ვივაჟკაცოთ, მომავალ სახელს
დავისაკუთრებთ, ძველი დიდებაც
მარტო ჩვენ უნდა მოგვეკუთვნოსო. - 116. განა, მოყმეო, საკვირველია,
რომ უხუცესი გაგვიჭაბუკდეს? - 117. როს შავარდენი შეჭარმაგდება,
მაღლა ფრინველებს მაინც დაარბევს
და თავის ბუდეს არ დაამცირებს. - 118. მაგრამ ის არის დღეს სამწუხარო,
რომე დროება სულ გადაბრუნდა - 119. და მე მთავრები არ გამყვებიან
- 120. აი რატომაც ყივჩაღთა ხმლების
ქვეშე ხროტინებს და ვლადიმერიც
ხომ ჭრილობებით დაბორკილია. - 121. ჭირი, ვარამი გლების ძეს იპყრობს!
- 122. დიდო მთავარო, შენ, ვსევოლოდო
ნუთუ არ ფიქრობ, რომე შორიდან
გადმოიქროლო კვლავ მამაცურად
და ღირსებანი მამისეული
ოქროს ტახტისა წამოაყენო? - 123. შენ შეგიძლია შენი ნიჩბებით
მდინარე ვოლგა მთლად ამოშხეფო
და გადაღვარო ჩაფხუტით დონი. - 124. რომე აქ იყო, გაეფდებოდა,
ეღირებოდა მონა ნოგატად,
თითო მხევალი თითო რეზანად. - 125. შენ ძალგიძს ცოცხალ შერეშირებით
გლების ახოვან, გულად ძეებით -
ხმელეთსა ზედა ისრები სტყორცნო. - 126. შეუდრეკელო შენც, რიურიკო,
და შენც, დავით, თქვენ ხომ ატარებთ
სისხლში განბანილ ოქროს ჩაფხუტებს! - 127. თქვენი გულადი სპა ხომ ყიჟინებს,
როგორც ვარვარა ხმლებით დაჭრილი
ხარების ჯოგი უდაბურ ველზე? - 128. აღიმართენით თქვენ, ხელმწიფენო,
ოქროდ მოჭედილ უნაგირებზე
ჩვენი დროების დამცირებისთვის,
რუსული მიწის აღდგინებისთვის,
მთავარ იგორის ჭრილობებისთვის
და სვიატოლავის მრისხანე ძისთვის. - 129. შენ, იაროსლავო გალიციელო,
სახელდებულო ოსმომისლადა,
მაღლა დამდგარხარ ოქროს ტახტზედა,
უგორის მთებზე მიგიბჯენია
რკინისებური შენი ლაშქარი,
გადაგიჭრია გზები მეფისთვის,
შენ დაგიხურავს დუნაის კარი
ღრუბელთა შორის ლახტების სროლით
და მართლმსაჯულებ დუნაიმდისინ. - 130. შენ მჭექარებ და მიწებს აჟრჟოლებ,
აღებ კიევის კარებს თამამად,
მამისეული ოქროს ტახტიდან
ქვეყნების გაღმა სულთანებს ესვრი. - 131. ესროლე კიდევ შენ, ბრძანებელო,
ესროლე ყოჩნაღს, ბილწსა მონასა,
რუსული მიწის დამცირებისთვის,
მთავარ იგორის ჭრილობებისთვის
და სვიატოსლავის მრისხანე ძისთვის. - 132. შენც, ფიცხო რომან, და შენც, მსტისლავო,
მამაცი ფიქრი ხომ მიაქროლებს
გონებას თქვენსას გმირობისაკენ? - 133. მაღლა ფრენთ ბრძოლით გამომახულნი,
ვით შავარდენი ქარში გაშლილი,
როდესაც იგი ცდილობს ფიცხელი
დაიმორჩილოს ფრინველი მაღლა. - 134. ლათინურ ზუჩთა ქვეშე გამკობენ
ორივეს რკინის გულანდარები,
ამიტომ შედრკა ძირს დედამიწა
და ბევრი მხარე: ხინოვი, ლიტვა,
იატვიგები, დერემელები
და ყივჩაღებმაც თვისი შუბები
გადაყარეს და ქედი მოდრიკეს
თქვენი ჯავარდნულ მახვილის ქვეშე. - 135. მაგრამ, მთავარო, დამრუმებულა
აწ იგორისთვის სინათლე მზისა.
ფოთოლიც, ხიდან ჩამოცვენილი,
ვიცი, სიკეთეს არ მოასწავებს, - 136. მტერმა ქალაქნი დაინაწილა
როსის მხარეს და სულას ნაპირზე.
აწ არაოდეს უმამაცესი
სპა იგორისა აღარ აღსდგების! - 137. დონი გეძახის, მთავარო, შენა
და გიხმობთ მთავრებს საასპარეზოდ. - 138. ოლეგის ძენი, მთავარნი მხნენი,
მომზადებულან მტერთან სალაშქროდ. - 139. მოგმართავთ, ინგვარ, და შენ, ვსევოლოდ,
და თქვენ, სამივე ძევ მსტისლავ,
უბადრუკ ბუდეს არ აღუზრდიხართ,
მოდგმავ ძლირო და ექვსფრთიანო!
ძლევამოსილი ომის შედეგად
თქვენ ხომ ირგუნეთ წილად მხარენი? - 140. რად გინდათ ეხლა ოქროს ჩაფხუტი
ან ლიახური შუბი და ფარი! - 141. მტერს გადუკეტეთ ველი გაშლილი
თქვენი ვარვარა მკვეთრი ისრებით,
აღმართეთ ზღუდე რუსულ მიწისთვის,
მთავარ იგორის ჭრილობებისთვის
და სვიატოსლავის უტეხი ძისთვის. - 142. აწ უკვე ქალაქ პერეისლავს
სულა არ მიჰქუხს ვერცხლის ჩქერებით,
დვინაც ჭანჭრობით მიმდინარეობს,
ბილწთა ღრიალით დაყრუებული,
იმავ მრისხანე პოლოცკელებთან. - 143. მათ შორის მხოლოდ ვასილკოს ძემან
იზიასლავმა ააჟღრუნა
თვისი მკვესარე მახვილი ძლირ
ლიტოველების მუზარადებზე,
მანვე დაჩრდილა ომში განთქმული
პაპა ვსესლავის დიდი სახელი,
მაგრამ მეწამულ ფარით დაცული
მალე დაეცა სისხლიან ბალახს
ლიტოველების ხმლით განგმირული; - 144. სარეცელზედა ის ჩაეჭიდა
განვლილ სახელსა და იღაღადა: - 145. “შენს სპას, მთავარო, გადაეფარნენ
ფრინველთა ფრთანი, ხოლო მხეცებმა
მოლაშქრეების სისხლი ათქვიფეს!” - 146. არ დასწრებია ძმა ბრიაჩესლავი
და არც მეორე ვსესლავი ჩანდა.
მან მარგალიტი სული მარტოკამ
გადმოისროლა მედგარი ტანით
და ამოაგდო ოქროს შიბიდან. - 147. ჩადგა ხმაური, ჩაქრა სიამე
და გოროდენში ბუკები დაკრეს. - 148. შენ, იაროსლავო, და თქვენ, მოდგმანო
ვსესლავისანო! დახარეთ დაბლა
თქვენი დროშები, ჩააგეთ მალე
პირდაჭდობილნი თქვენი მახვილნი! - 149. ვერ შეირჩინეთ, ვეღარ ატარეთ
მამა-პაპათა დიდი სახელი; - 150. თქვენ ხომ თქვენივე არევდარევით
ბილწების ლაშქარს მოაგრაგნინეთ
რუსული მიწა, ვსესლავის მხარე. - 151. თქვენს შფოთვის გამო ხომ მოგვესივნენ
მოძალადენი ყივჩაღთა მიწით! - 152. მეშვიდე ჟამსა ტროიანისა
- 153. ვსესლავმა წილი უყარა თვითონ
მისთვის სანატრელ ტურფა არსებას. - 154. მან ვერაგულად იგდო მერანი,
მიათქარუნა ქალაქ კიევთან,
იგი შეეხო ლახვარის ტარით
კიევის ოქროთ მოჭედილ ტახტსა - 155. და უმალ მოწყდა მძვინვარ მხეცივით.
ღამე ბელგრადთან ნისლში შეცურდა, - 156. დილით ჩუგლუგით დაურაჯგუნა
და ნოვგოროდის ბჭენი შელეწა,
დასცა სახელიც იაროსლავისა; - 157. შემდეგ გავარდა იგი მგელივით
ნემიგისა და დუდუდკოს შორის. - 158. ნემიგის პირას კაცის თავების
ძნებსა აფენენ, შემდეგ ცეხვავენ
ჯავარდნით ნაჭედ საძეგველითა,
კაცის სიცოცხლეს კალოზე სდებენ,
სულს სხეულიდან ანიავებენ - 159. და სისხლიანი ნემიგის მიწა
არა სიკეთით არის მორწყული,
არამედ იგი მოთესილია
რუსი ვაჟების მაგარი ძვლებით! - 160. მთავარი ვსესლავ ხალხს მსაჯულებდა,
მთავრებს ქალაქებს უწესრიგებდა
და თვით დაძრწოდა ღამე მგელივით.
კიევით მსვლელი მივარდებოდა
მამლის ყივილზე თმუთარაყანთან
და დიად ხორსის მზის პირველ სხივსა
გზას გადუჭრიდა, წინ გადურბენდა. - 161. ერთხელ სისხმაზე მას დაურეკეს
პოლოცკის წმინდა სოფიის ზარით,
ის მაშინ უკვე კიევში იყო
და ზარის რეკვაც იქ გაიგონა. - 162. თუმცა ჯადოქარს სულს ატარებდა
მამაც სხეულში, მაგრამ ის ბედით
უფრორე ხშირად იტანჯებოდა. - 163. მას ბოიანმა, მისმანა, წინათ
გალობით სიბრძე შეატყობინა: - 164. “ვერც მამაცი და ვერც გამჭრიახი
და ვერც ფრინველი შეუპოვარი
ვერ ასცდებაო უფლის განაჩენს!” - 165. უნდა იკვნესოს რუსულმა მიწამ,
როს მოიგონებს ადრინდელ დროსა
და ადრინდელსა გულად მთავრებსა, - 166. ხომ ვერ მიჭედდნენ სამარადისოდ
მხცოვან ვლადიმერს კიევის მთაზე, - 167. მისი დროშები ეხლა უპყრიათ
ზოგი დავითს და ზოგი რიურიკს,
მაგრამ თუღები ცალცალკე ჰქრიან - 168. და შუბნი ჟღერენ დუნაის ზედან!
- 169. შეხმობით გლოვა ისმის სისხამზე,
მოსთქვამს ასული იაროსლავისა,
ობლად მხმობელი როგორც გუგული,
დილაადრიან გადმოგვღუღუნებს. - 170. გავფრინდებიო, ამბობს, გუგულად
დუნაის ზედა; - 171. კაიალაშიც
ტალღით დავალბობ თახვის სახელოს - 172. და დავუამებ მთავარს ჭრილობას,
სისხლით მორწყულსო მედგარ ტანზედა. - 173. დილით ასული იაროსლავისა
გოდებს პუტვილის გალავანზედა,
შეხმობით ტირის: - 174. ო, ქარო, ქარო
მოფარფატეო! რატომ, ბატონო,
ასე ბოროტად რატომ მოჰქრიხარ? - 175. შენი მსუბუქი ფრთების შრიალით
რად მოაქროლებ ისრებს მტრებისას
ჩემი ტრფიალის მეომარზედა? - 176. ნუთუ არ კმარა მაღლა კამარა,
ღრუბელთა შორის რომ გეფარფატა
და დაგერწია ცისფერ ზღვაზედა
შენ ხომალდები? - 177. რად გსურს, ბატონო,
რატომ ისურვე, რომ მე სიამე
მინდვრის ბალახზე გამინიავე?” - 178. დილით ასული იაროსლავისა
ქალაქ პუტვილის გალავანზედა
შეხმობით ტირის: - 179. ო, დნეპრო, დნეპრო,
დიდების ძეო, შენ გაარღვიე
კლდოვანი მთები ყივჩაღთა მიწის, - 180. შენ მიარწევდი შენი ტალღებით
სანდლებს მრისხნე სვიატოსლავისას
ბილწ ყობიაყის ურდომდისინა. - 181. ეხლა მისმინე, გამოარწიე
ჩემთან, ბატონო, ჩემი ტრფიალი,
რომ არ დამჭირდეს ცრემლის გაგზავნა
ცისფერ ზღვაზედა სისხამ დილითო. - 182. ტირის ასული იაროსლავისა
დილით პუტივლის გალავანზედა,
შეხმობით გოდებს: - 183. მზეო ბარჩხალა,
მზეო ნათელო, ყველას ამკობო,
ყველას ათბობო, - 184. რატომ, ბატონო,
რატომ განფინე მწველი სხივები
ჩემი ტრფიალის მეომრებზედა?
უწყლო მინდორზე იმათ წყურვილით
შემოგრეხიათ ხელში შვილდები
და დახურვიათ მათ კაპარჭები
პაპანაქებით მოთენთილებსო. - 185. გაიშხაპუნა ზღვამ შუაღამით
და ქარიშხალიც მრუმეთი მოდის.
მთავრის იგორსა ღმერთი გზას უკვლევს
ყივჩაღთ მიწიდან რუსულ მიწისკენ,
მამისეული ოქროს ტახტისკენ. - 186. ჩაქრა დაისში ცის დაფიონი,
იგორი რულავს, არც რულავს იგორს,
იგორი ზომავს გონებით მანძილს
დიად დონიდან დონეცამდისინ. - 187. მდინარის გაღმა ჟამს შუაღამის
სტვერნით მოუხმო ოვლურმა მერანს
და უნდა მიხვდეს ნიშანს მთავარი.
მთავარი იგორ უკვე არ არის! - 188. დასჭივლებს, მიწა აგუგუნდება,
აშრიალდება ირგვლივ ბალახი,
ყივჩაღთ კარავნი შეირხევიან. - 189. ხოლო იგორმა გადაიქროლა
ყარყუმის გვარად ლაქაშთა შორის,
თეთრ წყარსინჯივით წყალი გააპო, - 190. ჯერ შემოახტა ჩაუქ მერანსა,
შემდეგ გადმოხტა თეთრი მგელივით.
დონეცის მდელოს მეერნობითა
გაჰყვა, გაფრინდა შევარდენივით,
ნისლების ქვეშე ხოცავდა იგი
გედებს და ბატებს სასაუზმოდა,
სავახშმოდა და სასადილოდა. - 191. როცა იგორი მიშავარდნობდა,
მაშინ მირბოდა ოვალურ მგელივით
და იბერტყავდა ცინცხალ ცვარებსა.
ორივემ მალე დაასავადეს
ფიცხი მერნები მონავარდენი. - 192. და რქვა დონეცმა:
- 193. “მთავარო იგორ,
ხოტბა გერგების არა მცირედი,
ხოლო ყონჩაღსა ნაღვლიანობა
და სიხარული რუსულ მიწასა!” - 194. იგორმაც უთხრა
- 195. “ოი, დონეცო,
შენც ქება გერგოს არა მცირედი,
რომე არწევდი მთავარს ტალღებზე,
ქვეშე უფენდი მწვანე ბალახსა
გაშლილ, მოვერცხლილ ნაპირებზედა.
თბილ ნისლოვანში მთავარს ახვევდი,
ზე ახურავდი მწვანე ხის ჩეროს, - 196. წყარსინჯით წყალზე მას სდარაჯობდი,
ნაკადებზედა თოლიის გუნდით
და შროშანებით ქარში ჰშველოდი. - 197. შენ არა გგავსო მდინარე სტუნგა,
ასე ამბობენ. იყო მშფოთარე
ნაკადული და შემდეგ შესრუტა
ნიაღვარები, უცხოთ წყარონი
და მიამსხვრია სანდლები ჩირგვებს.
ასე ჭაბუკსა მთავარ როსტისლავს
მან გადუკეტა ფონი დნეპრისკენ,
მდინარე დნეპრის მრუმე ნაპირზე - 198. ქვითინებს დედა როსტისლავისა
ჭაბუკ მთავარზე, როსტისლავზედა. - 199. თვით ყვავილებმაც საცოდაობით
თავი ჩაქინდრეს და ხეც ვარამით
გადმოიხარა, მიწას დაემხო. - 200. არა. კაჭკაჭნი არ კაკანებდნენ:
იგორს მოსდევდნენ გზაყ და ყოჩნაღი. - 201. მაშინ ყორნებიც არ ყრანტალებდნენ,
ჭილყვავის გუნდმაც ხმა ჩიწყვიტა;
არა, კაჭკაჭნი არ კაკანებდნენ, - 202. მხოლოდ ტოტებზე ხტოდნენ ისინი,
თვით კოდალანი ხეზე კაკუნით
მდინარისაკენ გზას ანიშნებდნენ
და ბულბულები ტკბილი გალობით
რიჟრაჟის მოსვლას ატყობინებდნენ. - 203. ეტყოდა გზაში გზაყი ყონჩაღსა:
- 204. “როს შავარდენი ბუდეში მიჰქრის.
უნდა განვგმიროთ შავარდნის ბარტყი
ჩვენი მოოქვრილ “ფრთიან ისრებით”. - 205. ხოლო ყონჩაღი ეტყოდა გზაყსა:
- 206. “როს შავარდენი ბუდეში მიჰქრის,
ბარტყი შევბორკოთ ქალწულის ეშხით”. - 207. და კვლავ ეტყოდა გზაყი ყონჩაღსა:
- 208. “თუ ის შევბორკეთ ქალწულის ეშხით,
აღარ შეგვრჩება შავარდნის ბარტყი,
აღარც ქალწული, ეშხით აღსავსე,
და ფრინველები ჩვენ დაგვარბევენ
ყივჩაღთა გაშლილ მინდორთა ზედან”. - 209. თვით ბოიანმაც, გარდასულ დროთა
გალობის მთქმელმა, მთავართ მეხოტბემ
იაროსლავისამ და ოლეგისამ,
სთქვა სვიატოსლავის დროების მიმართ: - 210. “შენ გიჭირს დგომა, თავო, უმხრებოდ,
ცოდო ხარ, ტანო, მდგარო უთავოდ”.
ცოდო ხართ, რუსნო, უიგოროდა: - 211. ლაჟვარდსა ზედან მზე ელვარებს და
მთავარი იგორ რუსულ მიწაზე! - 212. დუნაის პირზე ქალნი მწყაზარნი
მღერიან, მათი ხმები კიაფებს
ზღვას გადასული კიევამდისინ. - 213. მიემგზავრება იგორ ბორიჩევს,
ღვთისმშობლის ხატთან პიროგოშისა - 214. კმაყოფილია მხარეები და
ქალაქების გახარებული. - 215. ძველად უმღერეს მხცოვან მთავრებსა,
ჭაბუკ მთავრებსაც უნდა ვუმღეროთ: - 216. დიდება იგორს, სვიატოსლავის ძეს,
მრისხანე ხარსა, უტეხ ვსევოლოდს
და ვლადიმერსა, იგორის ძესა! - 217. დღეგრძელი იყვნენ სპა და მთავრები,
ბრძოლის გამწევი ქრისტიანთათვის,
ბილწთა ლაშქარის დასათრგუნველად, - 218. დიდება მთავრებს, დიდება ლაშქარს!
ამინ!
Ссылка
Если вы используете корпус в научной работе, пожалуйста, сошлитесь на эту публикацию:
Орехов Б. В. Параллельный корпус переводов «Слова о полку Игореве»: итоги и перспективы // Национальный корпус русского языка: 2006—2008. Новые результаты и перспективы. — СПб.: Нестор-История, 2009. — С. 462—473.